მიმდინარე წლის 2 მარტს, სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ I კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიების ფარგლებში სააგენტომ წარადგინა ინფორმაციისა და კიბერინციდენტების გაზიარების ერთიანი პლატფორმა, რომელიც შედგება MISP (Malware Information Sharing Platform) პლატფორმისგან. ხსენებული რესურსის მეშვეობით შესაძლებელია კომპიუტერულ ინციდენტებთან დაკავშირებული როგორც ციფრული არტეფაქტების (მცირე მოცულობით), ისე მეტაინფორმაციის ე.წ. IOC (Indicators of Compromise) ორმხრივი გაზიარება.
შეხვედრის მსვლელობისას, დამსწრე კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისგან წარმოდგენილ ინფორმაციულ რესურსის ფუნქციონალთან კავშირში მყოფ საკითხებზე წარმოიშვა არაერთი შეკითხვა, რომელთაც რეალური დემონსტრაციის რეჟიმში პასუხი გაეცა სააგენტოს სახელმწიფო ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლების მხრიდან.
ამჟამად, ხსენებულ პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში უკვე დაერთებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნახევარზე მეტი, რომლებიც აზიარებენ და იღებენ კიბერინციდენტებთან დაკავშირებულ რელევანტურ ინფორმაციასა და საეჭვო პროცესების იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა მონაცემებს. 2026 წლის ბოლომდე სააგენტო გეგმავს დაასრულოს მის რეგულატორულ მანდატს დაქვემდებარებული სუბიექტების სრული მოცულობით მოცემულ პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესი.
სააგენტოს ხსენებული პლატფორმის იმპლემენტაცია შესაბამისობაშია და ემსახურება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტითა და „კომპიუტერული ინციდენტების კლასიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 თებერვლის N85 დადგენილებით დამტკიცებული კომპიუტერული ინციდენტების კლასიფიცირების წესის მე-7 და მე-8 მუხლებით დაწესებული ვალდებულებების აღსრულებას.