მიმდინარე წლის 6 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს ბექა მამარდაშვილს მოუსმინეს. სააგენტოს ხელმძღვანელმა, „სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნდობის ჯგუფის წევრებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკური და განზოგადებული ანგარიში გააცნო.
ბექა მამარდაშვილმა ჯგუფის წევრებთან ისაუბრა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებზე და ამ მიმართულებით სააგენტოს რეაგირების ღონისძიებებსა და პრევენციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განზოგადებული სტატისტიკური მონაცემები.
ასევე დამატებით მიმოხილულ იქნა სააგენტოს მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და დაწესებულებების საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემებითა და სერვისებით უზრუნველყოფა, სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარების დინამიკა და ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემების მხარდაჭერის საკითხები.