კიბერუსაფრთხოების პროფესიული დონის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, როგორც ეროვნული დონის კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის უფლებამოსილებების განმახორციელებელი (ეროვნული CERT), მოუწოდებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სფეროში დასაქმებულ პირებს მიიღონ მონაწილეობა SANS Institute-ის ორგანიზებით გასამართ ევროპულ კიბერ CTF შეჯიბრში (SANS European CTF Championship), რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 10-12 ივნისს და მასში ჩაერთვება 45 ქვეყნის ასეულობით პროფესიონალი.
შეჯიბრი განკუთვნილია:
• კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის;
• კიბერუსაფრთხოების დამწყებ კარიერულ საფეხურზე მყოფი პირებისთვის;
• უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის (SOC) ანალიტიკოსებისთვის;
• შეტევით და თავდაცვით სიმულაციურ ვარჯიშებში ჩართული პროფესიონალებისთვის;
• სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი გაირღმავონ ცოდნა და განიმტკიცონ პრაქტიკული უნარები
მონაწილეობის ფორმატი და დრო:
I ეტაპი – ეროვნული საკვალიფიკაციო რაუნდი: 25 – 29 მაისი, 2026 (ხანგრძლივობა 48 საათი 5 დღის განმავლობაში)
II ეტაპი – ფინალი: 10-12 ივნისი 2026
ევროპულ კიბერ CTF შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ეროვნულ რაუნდში გამარჯვებული 10 საუკეთესო შედეგის მქონე პირი
საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები მიიღებენ SANS Institute-ის 1 ტრეინინგ კურსზე დაშვებას უფასოდ თანდართულ GIAC სერტიფიცირებასთან ერთად (I ადგილი), რომელიც აკრედიტირებულია ეროვნულ დონეზე ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებული სერვისების გაწევის მიმართულებით და დამატებით, კიდევ ერთ ტრეინინგ კურსს უფასოდ (II ადგილი) ან 1 წლიან Skills Quest-ის უფასო ლიცენზიას (III ადგილი).
აღსანიშნავია, რომ CTF შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად არ მოითხოვება SANS Institute-ის ტრეინინგებზე დასწრების წარსული გამოცდილება. საჭიროა მხოლოდ სათანადო ტექნიკური უნარების ფლობა, ეროვნულ რაუნდში გამარჯვება და სურვილი ღირსეულად წარადგინო საქართველო აღნიშნულ მაღალი დონის ღონისძიებაზე.
ევროპული კიბერ CTF შეჯიბრი იძლევა შესანიშნავ შანსს, მონაწილეებმა შეამოწმონ საკუთარი შესაძლებლობები რეალურთან მაქსიმალურად დაახლოებულ სცენარებში და მოახდინონ ეფექტური პოზიციონირება კიბერ დომეინში არსებულ საუკეთესო პროფესიონალებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შეჯიბრის ეროვნულ დონეზე პარტნიორი და მხარდამჭერია სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.